ჩაქვში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებდება. ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმართველობისა და მაღალი რეგიონების კომიტეტების სხდომაზე იმსჯელეს.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის "სასესხო ხელშეკრულება" (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი)" პროექტს, რომელიც ჩაქვში ორი უკვე არსებული ნაგავსაყრელის დახურვას და ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ წარადგინა და კომიტეტის წევრებმა მის რატიფიცირებისთვის პლენარულ სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირეს.
ამასთან, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა პირველი მოსმენით საქართველოს კანონის პროექტები - "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" განიხილა, რომელიც გარდაცვალების რეგისტრაციის მექანიზმების სრულყოფას ითვალისწინებს, რაც დაურეგისტრირებელი გარდაცვალების შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს.