საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში NATO-ს კვირეულის ფარგლებში ევრო-ატლანტიკური საბჭოს მრჩეველს, ბულგარეთის ატლანტიკური კლუბის პრეზიდენტს სოლომონ პასს შეხვდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და NATO-ს დაახლოების ფორმატებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ასევე საქართველოს პერსპექტივებს მიმდინარე წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატოს სამიტის შედეგებთან დაკავშირებით. მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და ყურადღება რუსეთის ქმედებებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილეს.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.