"ჩვენ ძალიან დიდი ქება დავიმსახურეთ ალიანსის წევრი ქვეყნებისგან იმ პროგრესის გამო, რომელსაც მივაღწიეთ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში. ხაზგასმული იყო დემოკრატიული რეფორმები და არჩევნების დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ხაზი გაესვა აგრეთვე, ადგილობრივი არჩევნების იგივე სტანდარტით ჩატარების აუცილებლობას. ხაზგასმული იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ალიანსთან, ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. აღინიშნა, რომ საქართველო არის სანიმუშო ქვეყანა რეგიონში იმ მიღწევების გამო, რომელიც მას აქვს გასული წელიწად ნახევრის განმავლობაში" , - განაცხადა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრის თქმით, მთლიანობაში, ეს იყო ძალიან კარგი, დადებითი სხდომა და ოცივე ქვეყნის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს პროგრესი ადეკვატურად უნდა იყოს ასახული ნატო-ს შემდეგ სამიტზე.
"აბსოლუტურად ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან კმაყოფილება ვართ კომისიის დღევანდელი სხდომით. მე ჩემს გამოსვლაში ვილაპარაკე ყველა იმ საკითხზე რაც აინტერესებდათ ალიანსის წევრ ქვეყნებს, იმ რეფორმებზე რომლებიც ტარდება საქართველოში, იმ გარემოზე რომელიც არის შექმნილი და იმ აუცილებლობაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ის მხარდაჭერის გამო მოლოდინი არის დიდი, რომ უელსის სამიტზე ადეკვატურად იქნება აღნიშნული, ის პროგრესი რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ" - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.