25 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-16 შეხვედრაზე მოხსენებით წარდგა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეთა ყურადღება კანონის უზენაესობის საკითხებზე გაამახვილა.
„იუსტიციის სამინისტრო ფართომასშტაბიან რეფორმებს ახორციელებს ყველა მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება სამართლის უზენაესობას, აქ ორ თემას გამოვყოფდი, რაზეც მსურს, ვესაუბრო ევროპარლამენტარებს: ეს არის სასამართლოს რეფორმა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა. ბევრი რამ ორივე მიმართულებით უკვე გაკეთებულია. რასაკვირველია, კიდევ მეტია გასაკეთებელი - მე მხედველობაში მაქვს სისტემების დემოკრატიზაცია, მეტი გამჭვირვალობის მიღწევა, მეტი სამართლიანობის მიღწევა, სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა სამართლიანობის მიღწევა, მატერიალური სისხლის სამართლის პროცესში ჰუმანიზაცია, კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და ა. შ.", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო შეხვედრების ისტორია 1994-96 წლებში იწყება, თუმცა, არსებული ფორმით საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი (PCC) 1999 წლიდან ჩამოყალიბდა. აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობების ძირითად ინსტიტუტს. ევროპარლამენტში შექმნილია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის დელეგაცია, რომლის წევრებიც მონაწილეობენ საპარლამენტო თანამშრომლების კომიტეტის შეხვედრებში. კომიტეტის სხდომები იმართება წელიწადში ერთხელ, სადაც განიხილება ორივე მხარის ინტერესებში შემავალი ნებისმიერი საკითხი.