თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლის რწმუნებულმა ბახოლდინ სეიდოვმა განუცხადა, მშობლებმა გოგონას გათხოვება სხვა მამაკაცზე გადაწყვიტეს, მას კი შეყვარებული ჰყავდა.
„გოგონას მამა ყაზახეთშია, იქიდან დარეკა, რომ მისი შვილი დაენიშნათ. ამ გოგონას უკვე შეყვარებული ჰყოლია და რადგან მშობლებმა იმ ბიჭზე უარი თქვეს, თავი მოიკლა. ნათესავის ორმოცი ჰქონდათ გუშინ და მთელი ოჯახი იქ იყო წასული, ბავშვმა ამ მომენტით ისარგებლა. სახლში დაბრუნებულებს გოგონა მკვდარი დახვდათ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბახოლდინ სეიდოვმა.
მისივე ინფორმაციით, გოგონას ცხედარი გუშინვე პროზექტურაში გადაასვენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.