საგარეო საქმეთა მინსტრმა მაია ფანჯიკიძემ ბირთვული უსაფრთოების დაგეგმილ სამიტის დეტალებზე ისაუბრა. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განმარტა სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვირას, 23 მარტს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერთან.
,,ჰააგაში მივემგზავრებით კვირას, რადგან პრემიერ-მინისტრს კვირასაც ექნება შეხვედრები. ეს არის ძალიან დიდი ფორუმი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით ტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირადი წერილი მიიღო არა მხოლოდ პრეზიდენტ ობამასგან, ასევე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც მასპინძელია. შესაბამისად პირველი შეხვედრა კვირას 11:00 საათზე უკვე ჩანიშნულია ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე შეთანხმებული შეხვედრა სხვა ქვეყნების პრემიერებთან და პრეზიდენტებთან. ასევე იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე", _განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის განმარტებით, სამიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მასთან ერთად, იქნება გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე.
შეგახსენებთ, რომ ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტი ჰააგაში 23-25 მარტს გაიმართება. სამიტზე მიწვეული არიან 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები, ასევე ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 5 ათასზე მეტი დელეგატი ჰყავს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი მანუელ ბაროზო. სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ბირთვული უსაფრთხოების გლობალური ფორუმის იდეა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ეკუთვნის. პირველი ამგვარი სამიტი 2010 წლის 12-13 აპრილს მოეწყო ვაშინგტონში, მეორე კი 2012 წელს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა.