საქართველოს რეგიონების 46 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ამ დროისთვის გათიშული რჩება 82 000 აბონენტი. დილის მონაცემებით დენი არ მიეწოდებოდა 128 000 აბონენტს.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები განაგრძობენ მუშაობას დაზიანების ადგილებში, იმისათვის რომ აღმოფხვრან უამინდობით მიყენებული ზიანი და აღადგინონ ქსელის გამართული მუშაობა. იმ შემთხვევაში თუ ამინდი არ გაუარესდა, გათიშული აბონენტების ენერგომომარაგების ეტაპობრივი აღდგენა მოხერხდება დღის ბოლომდე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმებისა და ქარის, ადგილებში დიდთოვლობის შედეგად, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელი დაზიანდა - ქარმა წააქცია ელექტრო ბოძები და გაწყვიტა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რამაც აბონენტებისთვის ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.