სტიქიამ კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებსაც მიაყენა ზარალი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივი გამგეობებიდან აცნობეს, გადაუღებელი წვიმის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, შიდა მოხმარების გზები, დაზიანებულია სახელმწიფო და კერძო საკუთრების ობიექტები.
"კასპსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ადიდებული მდინარე ლეხურისა და სარწყავი არხების შედეგად დატბორილია 51 ოჯახის ეზო და სარდაფი, გზებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი, დაზიანებულია საგაზაფხულო ნათესები. ქალაქში 40 მეტრზე დაზიანდა საავტომობილო გზა. წყალმა ძირი გამოუთხარა ელექტროგადამცემი სადენების საყრდენ ბოძებს, სასმელი წყლის მილს კოდისწყაროსა და სამთავისში. წყალი ჩავიდა სოფელ ლამისყანის და საქადაგიანოს სკოლის შენობებში, დატბორილია ოკამის სკოლის შენობის შესასვლელი.ადიდებულია მდინარე მტკვარი, რომელიც უახლოვდება საავტომობილო გზას", - ნათქვამია კასპის მუნციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ რაიონის გამგებელი კახა ხაჩირაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და ადგილზე სწავლობდნენ სიტუაციას.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციაზე უკვე დაიწყო მუშაობა. ამ დროისთვის კასპში და სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, პარალელურად კი მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დადგენა
რაც შეეხება ხაშურის რაიონს, ხანგრძლივი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შეუქმნა როგორც ქალაქ ხაშურის, ისე დაბა სურამისა და მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას. კერძოდ, ხაშურში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზო-კარმიდამოები. პრობლემები შეექმნა საკანალიზაციო ქსელებს. დაიტბორა ხაშურის 15-მდე ქუჩა, დაზიანდა სასოფლო გზები, გააქტიურდა დაბა სურამში მეწყერული პროცესები, განსაკურთებული პრობლემები შეექმნათ სოფელ გომის, სატივის, ხიდისყურის, ოსიაურისა და სოფელი ბრილის მოსახლეობას, სადაც დაიტბორა სახლები და სასოფლო სამეურნეო სავაგრულები.
"გასული დღიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების მიერ (სახანძრო დაცვის სამსახური, ტერიტორიული ორგანოები, ადგილზე შექმნილი სამაშველო ჯგუფები) ამ წუთამდე მიმდინარეობს დატბორილი სახლებისა და ეზო-კარმიდამოებიდან ნალექის შედეგად წარმოქმნილი და მდინარეების ადიდების შედეგად დაგროვილი წყლის ამოტუმბვა. მობილიზებულია და მუშაობს სპეც.ტექნიკა ქუჩებისა და გზების (მათ შორის სასოფლო გზების) გასუფთავებისა და მოწესრიგებისათვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ზარალის შესწავლა", - ნათქვამია ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაში.