ბათუმსა და კუშადასს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციიდან აცნობეს, შესაბამის დოკუმენტს ხელი თურქეთის საკურორტი ქალაქ კუშადასში ქალაქის მერებმა მოაწერეს.
ამასთან, ბათუმისა და კუშადასის მერების შეხვედრისას გამოიყო პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შესახებ ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვნად დაეხმარება ბათუმს შემუშავებული განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში და ქალაქის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვაში.
გარდა ამისა, ბათუმის მერის რობერტ ჩხაიძის მოწვევით დაიგეგმა კუშადასის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი ბათუმში, რომლის დროსაც გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის პრეზიდენტის მამუკა სხვიტარიძის განცხადებით, ეს ფაქტი სამთავრობო და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთი პრაქტიკული მაგალითია.
საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების პოპულარიზაციის და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, 2010 წელსვე კუშადასში გაიხსნება ქართული სახლი, სადაც კულტურულ ღონისძიებებთან ერთად გაიმართება საქართველოს საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციები და ხელი შეეწყობა ქართველი მეწარმეების თურქეთის და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან პარტნიორობას.
საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია შავი და კასპიის ზღვის ბიზნესასოციაციების კავშირის (UBჩჩE) სრულუფლებიანი წევრია. 2010 წლის 12 მარტს, UBჩჩE-ს გენერალურ ასამბლეაზე, ორგანიზაციის წევრმა ბიზნესასოცაციებმა გამოთქვეს სურვილი ადგილზე გაეცნონ საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობებს. ამ მიზნით, 2010 წლის ოქტომბერს, საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია თბილისში ბიზნეს ფორუმს მართავს, რომელსაც დაესწრებიან შავი და კასპიის ზღვის ქვეყნების ბიზნესასოციაციების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.