საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე ტელეკომპანია "იმედის" გენერალურ დირექტორს გიორგი არველაძეს მიმართვას უგზავნის.
"ბატონო გიორგი, მრავალი ჩემი კოლეგა ელჩის მსგავსად მეც ვნახე "ფიქტიური" რეპორტაჟი, რომელიც თქვენმა არხმა 2010 წლის 13 მარტს გადასცა. ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ თქვენ ჩემი გამოსახულება ამ რეპორტაჟისაგან სრულიად სხვა კონტექსტში გამოიყენეთ. მადლობელი ვიქნები, თუ გამომიგზავნით ამ დოკუმენტის ასლს, რათა ზუსტი ანალიზი გავუკეთო გამოსახულებაზე დადებული კომენტარების შინაარსს", - ნათქვამია ელჩის მიმართვაში.
რაც შეეხება ზოგადად იმიტირებულ "ქრონიკას", ერიკ ფურნიე აცხადებს, რომ ეთანხმება მისი ამერიკელი კოლეგის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, რომელსაც ფილმი სრულიად უპასუხისმგებლოდ და პროფესიული ჟურნალისტიკის სტანდარტებისგან დაშორებულად მიაჩნია.
"ამას გარდა, მაშინ როცა ეს საელჩო ევროპულ ინსტიტუციებთან ერთად ცდილობს ქართული მედიის საშუალებების პროფესიული დონის ამაღლებას დემოკრატიული პლურალიზმის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ მხოლოდ სინანულს გამოვთქვამთ ამ ამალგამის გამო, რომელიც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების ქმედებებსა და "ქვეყნის უსაფრთხოების მუქარას" შორის უხეში მონტაჟითაა გაკეთებული, რომლის ანალიზი პროფესიონალური ინსტიტუციების კომპეტენცია უფროა, ვიდრე სატელევიზიო არხის. ამ სამწუხარო საქმემ იმიჯი შეულახა თქვენს არხს და წარმოშვა ძირეული კითხვები, რომლებიც კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს. გთხოვთ მიიღოთ, ბატონო გიორგი, ჩემი გულწრფელი მოკითხვა", - ნათქვამია ერიკ ფურნიეს მიმართვაში, რომელიც მან გიორგი არველაძეს გაუგზავნა.