ცაგერის რაიონის მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის განცხადებით, ხალხს უსაფრთხო ადგილზე გადაასახლებენ. გადაწყვეტილება გეოლოგების დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
პრობლემებია ონშიც. ქალაქი გარესამყაროს მოწყდა. ერთადერთი გზა, რომლითაც ხალხი დანარჩენ საქართველოს უკავშირდებოდა დღეს გამთენიისას ჩაიკეტა. ქუთაისი ალბანა-მამისონი-საავტომობილო გზის 111-ე კილომეტრზე მთის ნაწილი ჩამოინგრა. 10.000 კუბური მეტრის მოცულობის მიწამ და ლოდებმა მაგისტრალი მთლიანად დაფარა.
ცაგერში მეწყერის შედეგად დაღუპული გიორგი ტყაბლაძის ცხედარი უკვე გადაასვენეს საკუთარ სახლში. უბედური შემთხვევა სოფელ ღვირისში მოხდა. 50 წლის გიორგი ტყაბლაძე სოფლის ცენტრში ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც მიწის მასა მოწყდა და ის მოიყოლა. შემთხვევის ადგილზე გეოლოგები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და სხვა მეწყერსაშიშ ადგილებს სწავლობენ. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც.
ქართველი მეტეოროლოგების პროგნოზით მდინარეებში წყლის დონე საშიშ ზღვარს მიაღწევს. ამის გამო გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. გეოლოგები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა მეწყერსაშიში ზონაში იმუშავებენ და ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებას 24 საათიან რეჟიმში გადასცემენ. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთელი წლის განმავლობაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა არ არის 100 პროცნეტიანი გარანტი იმისა, რომ წყალი მდინარებიდან არ გადმოვა.
სინოპტიკოსები დღეიდან მთელი რეგიონის მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. ცივი და თბილი ჰაერის მასები ურთიერთქმედების გამო ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. მოსალოდნელია წვიმა და თოვლი. განსაკუთრებული დიდთოვლობაა მოსალოდნელი სვანეთში, სადაც თოვლის საფარმა უკვე 40 სანტიმეტრს გადააჭარბა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა ქვეყანაში 19 მარტამდე გაგრძელდება.