"რომპეტროლ საქართველომ" სიონის კლუბის ფეხბურთელებს საჩუქარი გაუკეთა.
შაბათს, 13 მარტს, „რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტი, ბოლნისში ჩავიდა და თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, „ზესტაფონისა" და სიონის კლუბებს შორის, „ელიტ ლიგის" მორიგი ტურის დაწყებამდე, 18 ახალგაზრდა ფეხბურთელს ფორმები და პროფესიონალური ბურთები გადასცა.
როგორც „რომპეტროლ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ალბინმა განაცხადა, კომპანია მყისიერად და სიამოვნებით გამოეხმაურა სიონის კლუბის მესვეურებს, რათა ახალგაზრდა სპორტსმენებს ჰქონოდათ ყველაფერი, რაც სჭირდებათ.
„სპორტის სხვადასხვა სახეობის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ უკვე მესამე წელია ვაფინანსებთ რალის ყველა ეტაპს, ვუწევთ სპონსორობას ასევე რაგბს და აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი საინტერესო და აზარტული სახეობის მხარდაჭერას, როგორიცაა ფეხბურთი. ამ მხრივ, ვაპირებთ ყურადღება უფრო ახალგაზრდა თაობას მივაქცეოთ," - განაცხადა ალექსანდრე ალბინმა.
„ელიტ ლიგის" ორგანიზატორებმა მოუწოდეს სხვა კომპანიებს, მიბაძონ „რომპეტროლ საქართველოს" მაგალითს და ხელი შეუწყონ სპორტის განვითარებას.
რაც შეეხება მატჩს, ის სიონის გამარჯვებით 4:0 დასრულდა. აქედან 3 ბურთი კარში პერსპექტიულმა სპორტსმენმა - აჩიკო მესხმა გაიტანა, რომელსაც საზოგადოება 2 წლის წინ ბარსელონაში მიღწეული წარმატებებით იცნობს.
რომპეტროლის მენეჯმენტმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა, უსურვა წარმატებები და მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.