"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ტელეკომპანია "იმედს" მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას არხის წინააღმდეგ შესაბამისი სანქციის გატარებისკენ მოუწოდებს.
როგორც საია-ს სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, "იმედის" ეთერში გუშინ გასულმა იმიტირებულმა "საომარი მოქმედებების ქრონიკამ", რომელიც ეთერში ყოველგვარი გამაფრთხილებელი წარწერის გარეშე, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გადიოდა, მაყურებელს შეუქმნა იმის განცდა, რომ რეალურ ახალ ამბებს ისმენდნენ.
"საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ კონტექსტში, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მოუწოდებს ჟურნალისტებს, დაიცვან ეთიკური სტანდარტები.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, გამოიყენოს მაუწყებლობის შესახებ კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და დააკისროს შესაბამისი სანქცია ტელეკომპანია "იმედს", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები