ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოში სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების დახვეწის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დარგის პოლიტიკის თაობაზე დისკუსიებს იწყებს.
უკვე ცნობილია, რომ 23 იანვარს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივით, სურსათის უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას გახსნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონების ინფრასტრუქტურისა და აგრარული წარმოების სამმართველოს უფროსი ევგენია სეროვა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ქვეყანაში სურსათის წარმოების სფეროში მოქმედი მეწარმეების მხოლოდ 1.3% იქნა შემოწმებული. 2004-2009 წლებში თითქმის არცერთი მსგავსი შემთხვევა ყოფილა ადგილობრივ სურსათის წარმოების ბაზარზე. ბაქტერიული ინტოქსიკაციის შემთხვევებმა იმატა და ხსენებულ პერიოდში გახუთმაგდა. დაახლოებით 60 აგრარული საწარმოს გენერალური დირექტორები და სხვა ხელმძღვანელი პირები, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები განიხილავენ ქვეყნის სურსათის უსაფრთხოების კანონმდებლობაში ამჟამად განხორციელებულ ცვლილებებს და მათ პოტენციურ გავლენას მცირე და მსხვილ მწარმოებლებზე. გაანალიზებული იქნება ყველა დაინტერესებული მხარის გამოწვევები და შესაძლებლობები.
„ეს ფორუმი მნიშვნელოვანი და უნიკალური საშუალება იქნება მთავრობასა და კერძო სექტორს შორის ღია დიალოგის გასაძლიერებლად ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" გაფორმების შემდეგ, რომელსაც ხელი 2013 წლის ნოემბერში მოეწერა და რატიფიკაცია 2014 წელს არის მოსალოდნელი. ხსენებული შეთანხმება სურსათის უსაფრთხოების, ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის კოდექსთან ერთად 2014 წლის მაისში შევა ძალაში და ახალ მოთხოვნებს დააწესებს. მათი დაცვა მცირე მეწარმეებს შეიძლება გაუჭირდეთ. ფორუმის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება გახდეს საჯარო და კერძო სექტორებს შორის წარმოებული დიალოგის საშუალებით ამ სირთულის შერბილების შესაძლებლობა"- აცხადებენ „ევრობანკში".
მასალის გამოყენების პირობები