ლარის კურსი ისევ ეცემა. ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, რომელიც ძალაში 23 იანვრიდან შევა ლარი დოლართან მიმართებაში 0.0055 პუნქტით გაუარესდა და 1 დოლარის ფასმა 1.7817 ლარი შეადგინა. 22 იანვრის მონაცემებით კი 1 დოლარის ღირებულება 1.7762 ლარი იყო.
სებ-ის ინფორმაციით, ლარი 0.0080 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. უფრო კონკრეტულად კი 23 იანვრის ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.4130 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 22 იანვრის მონაცემებით 1 ევროს ფასი 2.4050 ლარს შეადგენდა.
თუმცა, როგორც 20 იანვარს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, ლარის კურსთან მიმართებაში უჩვეულო არაფერი ხდება. როგორც მინისტრი აცხადებდა, ქვეყანას მაღალი გაცვლითი კურსი ადრეც ჰქონია და სამომავლოდ კურსის მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არ არის.
„საქართველოს ქონია უფრო მაღალი და უფრო დაბალი გაცვლითი კურსი. მაგალითად 2011 წელს 1 დოლარი - 1, 85 ლარი ღირდა. ხოლო როცა გაცვლითი კურსი ჩამოვიდა 1,45ლარზე ეს ბიზნესისთვის ძალიან ცუდი იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კურსის მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არაა. ყველა ეკონომიკური პროცესი ადასტურებს იმას, რომ არანაირი საფრთხე საქართველოს ეკონომიკას არ შეიძლება დაემუქროს"- აცხადებს ნოდარ ხადური.
ხოლო როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის უკან კურსის შესახებ საუბრისას განაცხადა, 5%-იანი ინფლაციის შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოხდება. გიორგი ქადაგიძის თქმით, ლარის კურსის მოკლევადიან პერსპექტივაში როგორც გამყარების ისე გაუფასურების მიმართულებით კვლავ იმერყევებს. დღეის მდგომარეობით ინფლაციის მაჩვენებელი 2,4%-ია, ხოლო ეროვნული ბანკის სამიზნე ნიშნულს საშუალოვადიან პერიოდში 5% წარმოადგენს.