ექსპერტთა ნაწილი, პრემიერ-მინისტრს „სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს" შექმნის წინადადებით მიმართავს. ექსპერტები ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, ლევან ალაფიშვილი და გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევენ, რომ საქართველოში დაგეგმილი მსხვილი სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების მხოლოდ სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების იმედზე დატოვება არ შეიძლება. როგორც ექსპერტებმა დღეს ერთობლივ ბრიფინგზე განმარტეს, სახელმწიფოს განვითარების უზრუნველყოფის და სასურველი ეკონომიკური შედეგის მიღების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას, სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა და მსხვილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით კი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება წარმოადგენს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ფონზე ექსპერტთა ნაწილმა გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრს მიმართოს, რათა გატარდეს გარკვეული ღონისძიებები იმისათვის, რომ ქვეყანაში საინვესტიციო პოლიტიკის ოპტიმიზაცია და შედეგზე ორიენტირებული გარკვეული პოზიტიური ქმედებები განხორციელდეს.
„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ქვეყანაში მსხვილი, სტრატეგიული დანიშნულების საინვესტიციო პროექტების მართვის კუთხით შეიქმნას „სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს", რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით და რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი სამინისტროების პირველი პირების შემადგენლობით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი საინვესტიციო პროექტების მხოლოდ სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების ამარა დატოვება ამ ეტაპზე არ შეიძლება. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არის გარკვეული გარდამავალი პერიოდი, სისტემები საბოლოო ჯამში ჩამოყალიბებული არ არის და მათი ეფექტური მუშაობა ჯერ კიდევ ბევრს კითხვას ბადებს. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ თვალსაზრისით უკეთესი სიტუაცია იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი შესაძლოა გახდეს ის ოპტიმალური ფორმატი, რომელმაც უფრო მეტი შედეგი მოიტანოს.
ქვეყანაში რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, თუმცა ტექნიკური თუ არაკოორდინირებული მუშაობის გამო, ეს პროექტები გაჩერებულია. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა დღეს არის ინვესტიციები. საინვესტიციო პოლიტიკის არაეფექტურად განხორციელების შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ ვუზრუნველყავით მაღალი მოცულობა ინვესტიციებისა, ეს მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სტაბილურობას"- აცხადებს ლევან კალანდაძე.
ექსპერტი ლევან ალაფიშვილი კი მიიჩნევს, რომ სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობა ჯერ კიდევ საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და სრულყოფას. სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციის დაბალი დონე, გადაწყვეტილებების არა ოპერატიულობა, გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების პრობლემა განაპირობებს რიგ ხარვეზებს, რომლებზეც რეაგირების გარეშეც საინვესტიციო აქტიობების მიღება სამომავლოდ შეუძლებელი გახდება.
ექსპერტ ირაკლი ლექვინაძის განმარტებით კი თუ პრემიერ-მინისტრის დონეზე „სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს" შექმნა მოხერხდება, მაშინ საბჭომ გადაწყვეტილებები არა მხოლოდ მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიზანშეწონილობაზე უნდა მიიღოს, არამედ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი პროექტების სახელმწიფო უწყებების მხრიდან შეფერხების გარეშე განხორციელებაზე.
„საკითხის აქტუალიზაცია გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც დღეს ინვესტორებთან მიმართებაში რეალურად არსებობს. განსაკუთრებით მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში, როდესაც რიგი გადაწყვეტილებები, რომელმაც ინვესტორების აქტიობას ხელი უნდა შეუწყოს გვიანდება, სხვადასხვა სამინისტრეობში გარკვეული დოკუმენტაციის მოძრაობის პროცესის გამო. ასევე ადგილი აქვს შეუთანხმებელ განცხადებებს, რომელიც მედიის საშუალებით ჟღერდება, რაც გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს ინვესტორებში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ის რგოლი რასაც ერქმევა საინვესტიციო საბჭო - მისი საშუალებით მოხდება გენერალური გადაწყვეტილებების მიღება"- აცხადებს ლექვინაძე.