APG Georgia ავია სააგენტოებისთვის ახალი პროდუქტის APG IET დანერგვას იწყებს. ახალი სერვისის პრეზენტაციას კომპანიის წარმომადგენლები 20 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისში, ტიფლის ბიზნეს ცენტრში (აფაქიძის ქუჩა 11) გამართავენ. პრეზენტაციას ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის და 120 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, APG წარმოადგენს მსოფლიო ქსელს, რომელიც ავიაკომპანიებისათვის პროდუქტებსა და სერვისებს ქმნის. დღევანდელი მონაცემებით და მსოფლიოს მასშტაბით APG-ის პარტნიორი ავიაკომპანიების რიცხვი 390-ს აღწევს, რაც ყოველწლიურად იზრდება. კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ახალი სერვისის - APG IET-ს გამოყენებით, ავია სააგენტოები მგზავრებს შესთავაზებენ მსოფლიოში მოქმედი ყველა ავიაკომპანიის ბილეთის შეძენა საქართველოდან განახორციელონ. პროდუქტის ფარგლებში APG Georgia ავია სააგენტოებს საქართვლოს ოფისის მეშვეობით, ადგილობრივ მხარდაჭერას სთავაზობს.
„APG IET არის ინტერლაინ ელექტრონული გაბილეთების პლატფორმა, რომელიც შემუშავებულია Heli Air Monaco (YO-747)-სთან პარტნიორობით. ინტერლაინი წარმოადგენს ხელშეკრულებას ავიაკომპანიებს შორის, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს მარშრუტი სხვადასხვა ავიაკომპანიის რამოდენიმე სეგმენტზე ერთდროულად დაგეგმოს. APG IET პროგრამაში მონაწილეობით ავია სააგენტოებს შესაძლებლობა ეძლევათ YO-747 ბლანკზე გამოწერონ 90-ზე მეტი ავიაკომპანიის ბილეთი. ეს სერვისი ტურისტული სააგენტოების გაყიდვებს საგრძნობლად გაზრდის." - აცხადებს APG Georgia-ს ხელმძღვანელი ია ხომერიკი.
მენეჯმენტში აცხადებენ, რომ APG IET-ის ფარგლებში გაბილეთება შესაძლებელია როგორც ნებისმიერი გლობალური გაყიდვების სისტემიდან, ისე იმ ავიაკომპანიიდან, რომელსაც გლობალური გაყიდვის სისტემა არ გააჩნია. APG IET - პროგრამის ფარგლებში ანგარიშსწორება ასევე შესაძლებელია ნებისმიერი საკრედიტო ბარათით, რომელიც მოქმედებს ადგილობრივ ბაზარზე.
„APG Georgia 2012 წელს დაარსდა და მისი მიზანი საქართველოში ავია ბიზნესის განვითარებაა. ჩვენი კომპანია ავიაკომპანიებსა და ავია სააგენტოებს განსაკუთრებულ, ინოვატორულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. APG-ი ქმნის პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც საშუალებას აძლევს ავიაკომპანიებს მინიმუმამდე დაიყვანოს ადმინისტრაციული ხარჯი ერთ პარტნიორთან თანამშრომლობით." - აცხადებს ია ხომერიკი.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, APG Georgia საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს ისეთი კომპანიების გენერალურ სავაჭრო აგენტს როგორებიცაა - Heli Air Monaco, Egyptair, Estonian Air, British Airways World Cargo. ასევე, IBCS-ის პროგრამის ფარგლებში, წარმოადგენს ავიაკომპანიებს - UTair, Arkia Israeli Airlines, Air Onix, Heli Air Monaco.