საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით ლარის კურსთან მიმართებაში უჩვეულო არაფერი ხდება. როგორც მინისტრი აცხადებს, ქვეყანას მაღალი გაცვლითი კურსი ადრეც ჰქონია და სამომავლოდ კურსის მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არ არის.
„საქართველოს ქონია უფრო მაღალი და უფრო დაბალი გაცვლითი კურსი. მაგალითად 2011 წელს 1 დოლარი - 1, 85 ლარი ღირდა. ხოლო როცა გაცვლითი კურსი ჩამოვიდა 1,45ლარზე ეს ბიზნესისთვის ძალიან ცუდი იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კურსის მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არაა. ყველა ეკონომიკური პროცესი ადასტურებს იმას, რომ არანაირი საფრთხე საქართველოს ეკონომიკას არ შეიძლება დაემუქროს"- აცხადებს ნოდარ ხადური.
მისივე განმარტებით, საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მასზე ზეგავლენას ახდენს.
„დოლართან მიმართებაში თურქული ლირა დაახლოებით 20%-ით არის გაუფასურებული. ასე რომ უჩვეულო არაფერი ხდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, გაცვლითი კურსის დიდ მერყეობას მე არ ველი, ამის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი,დოლარის გადარიცხვები, უცხოური ინვესტიციები"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, სებ-ს 3 მლრდ. დოლარის რეზერვი გააჩნია.
„ახლა შეიცვალა სიტუაცია. თქვენ იცით რომ საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაჩვენებელი ძალიან დიდია და ბიზნეს აქტივობის ზრდამ გამოიწვია დოლარზე დროებით დაწოლა და შესაბამისად მასზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვი იმისთვის რომ საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციებით ჩაერიოს. ის უკვე ერევა კიდეც და დეკემბერსა და იანვარში რამდენჯერმე მოახდინა დოლარის გაყიდვა"- აცხადებს ხადური.