"ლიბერთი ბანკი" მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკიდან აცნობეს, თანამშრომლობის ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ჩხეიძემ და "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ გააფორმეს.
სახელმწიფოს მიერ ნედლეულის შესაძენად გაცემული დახმარება 800 000-მდე ფერმერს "ლიბერთი ბანკის" მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის ემიტირებულ "აგრო ბარათებზე" დაერიცხება. ფერმერები ბარათს უსასყიდლოდ მიიღებენ, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის გახარჯვა პროექტში ჩართულ მერჩანტებთან იქნება შესაძლებელი.
ბანკის ინფორმაციით, "აგრო ბარათი" წარმოადგენს თანამედროვე, უკონტაქტო ტიპის ბარათს მულტისავალუტო ანგარიშით, რომლის მფლობელიც არაერთი დამატებითი უპირატესობით ისარგებლებს.
ბარათი გრძელვადიანია და სარგებლობა მომხმარებელს 10 წლის მანძილზე შეეძლება; ასეთ საბარათე ანგარიშზე განთავსებულ ლარში დენომინირებულ ნაშთებს (სუბსიდიის ქულების გამოკლებით) დაერიცხება საპროცენტო სარგებელი წლიური 5%-10%-ის ოდენობით; ბარათის მფლობელები ჩაერთვებიან "ლიბერთი ბანკის" კლიენტების ლოიალობის პროგრამაში და ისარგებლებენ 10%-დან 50%-მდე ფასდაკლებით 100-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში; ფერმერებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მობილური ტელეფონის საშუალებით აკონტროლონ საკუთარი ბალანსები, შეღავათიანი ტარიფებით გადაიხადონ კომუნალური გადასახდელები, განახორციელონ ტრანზაქციები "თიბისი ბანკისა" და "ლიბერთი ბანკის" პოს ტერმინალებსა და ბანკომატებში და ისარგებლონ "ლიბერთი ბანკის" სხვა პროდუქტების შეღავათიანი პირობებით. ბარათის გამოყენების ინსტრუქცია და უპირატესობების სრული ჩამონათვალი 30 იანვრიდან, ვებგვერდზე www.agricard.pay.ge განთავსდება.
"ლიბერთი ბანკის" მენეჯმენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივას მხარს უჭერს და მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა მსგავსი სახის, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო პროექტებში.
მასალის გამოყენების პირობები