ჩრდილო კავკასიაში არასტაბილურობა და კორუფცია მეფობს. ეს განცხადება დღეს ერევანში ნატოს " Roth Rose "-ის სემინარზე მოსკოვის კარნეგი ცენტრის წარმომადგენელმა ალექსეი მალაშენკომ გააკეთა.
მისი თქმით, ჩრდილო კავკასიაში ყოველდღე იღუპებიან ადამიანები, რაც არასწორი მმართველობის ბრალია.
"მოსკოვი კარგავს პოზიციებს ამ რეგიონში, ფედერალური კანონი არ მუშაობს", _ აცხადებს მალაშენკო და პრობლემებს შორის "საზოგადოების ისლამიზაციასა და შარიათიზაციას" ასახელებს.
"ისინი არ საუბრობენ სეპარატიზმზე, მათ რუსეთის შემადგენლობაში ცხოვრება სურთ, უბრალოდ შარიათის კანონებით. კრემლში კი ეს ხან ესმით და ხან არა. მათ ახალი ფედერალური ოლქი შექმნეს და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად ციმბირელი დანიშნეს. ახლად დანიშნულმა ჩინოვნიკმა ბევრი პირობა დადო, თუმცა არავინ იცის, თუ როგორ აპირებს იგი მუშაობას", _ აცხადებს მალაშენკო და საუბარს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე _ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთზე აგრძელებს.
"ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება რეგიონისთვის ძალიან დიდ პრობლემად იქცა. ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკები პოლიტიკურ ელიტას არ ესმის, რატომ წყვეტს რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის ფინანსურ პრობლემებს სწრაფად და ეფექტურად, მაგრამ არ აკეთებს იმავეს მათთან მიმართებაში", _ აცხადებს მალაშენკო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთოდ სამხრეთ ოსეთი დიდი თავის ტკივილი გახდა ყველასთვის.
"ჩრდილო ოსეთში სულაც არ ახარებთ საუბრები სამხრეთ ოსეთთან შესაძლო გაერთიანებაზე", _ აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სიტუაცია ჩრდილო კავკასიაში 1-2 წლის განმავლობაში არ შეიცვალა, რუსეთი მზად უნდა იყოს ძალიან მწვავე პრობლემების აფეთქებისთვის.