„სამწუხაროდ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანს ბენზინის ექსპორტის რესურსი არ გააჩნია. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ბენზინს მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის აწარმოებს. ხოლო ქართული ბაზრისათვის ჩვენ ბენზინს რუმინული RomPetrol-დან ვყიდულობთ. ის პასუხისმგებელია „ევრო-4"-ს სტანდარტზე" აცხადებს აზერბაიჯანულ სააგენტო apa-სთვის მიცემულ კომენტარში კომპანია SOCAR Petrolium Georgia-ის გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი. მანვე დაადასტურა ისიც, რომ რუმინულმა ბენზინმა ქართული ბაზრიდან აზერბაიჯანული ბენზინი გააძევა.
მამედოვის ინფორმაციით, გასულ წელს SOCAR Petrolium Georgia-მ რუმინული RomPetrol-სგან 80-90 ათასი ტონა ბენზინი შეიძინა.
haqqin.az-ი კი წერს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად აზერბაიჯანმა საქართველოში საკუთარი ნედლეულით წარმოებული საავტომობილო ბენზინის ექსპორტი შეწყვიტა.
სტატისტიკის მიხედვით აზერბაიჯანის „ევრო-2"-ის სტანდარტის ბენზინი რუმინული „ევრო-5" და „ევრო-6"-ის სტანდარტის ბენზინმა შეცვალა, წერს აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ი, 8 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც თავის მხრივ „ტურანს" ეყრდნობა.
haqqin.az-ი იუწყება ასევე იმასაც, რომ ქართულ ბაზარზე სხვადასხვა მომწოდებლის მიერ მიწოდებული საწვავის ფასი ერთნაირი იყო და ლიტრზე საშუალოდ 1,5 დოლარს შეადგენდა.
2013 წლის დეკემბერში SOCAR-მა 52 ტონა საავტომობილო ბენზინის ექსპორტი განახორციელა, რაც 38-ჯერ ნაკლებია ვიდრე 2012 წელს განხორციელებული ექსპორტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ SOCAR-მა 2013 წელს ექსპორტზე გაიტანა ბენზინი, რომელიც ყაზახური ნავთობპროდუქტებისაგან იყო დამზადებული. აღნიშნულის შესახებ განცხადება ნოემბერში, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა დავიდ მამედოვმაც გააკეთა.მისი განმარტებით, ბაქის საწარმოს ყაზახეთიდან მცირედი ნედლეული მიეწოდება, რომლისგანაც საექსპორტო ბენზინი იწარმოება.
მასალის გამოყენების პირობები