მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამდებობაზე არ უნდა დარჩეს, ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ფარცხალაძე, რომელსაც არა მარტო საკუთარ ბიოგრაფიაში აქვს უმძიმესი ფურცელი, არამედ ნასამართლევიცაა, არ უნდა იკავებდეს ქვეყანაში ერთ-ერთ დიდ თანამდებობას.
"მთავარმა პროკურორმა, დიდი ალბათობით, თვითონ დაგეგმა კრიმინალური აქტი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. ეს ადამიანი ვერ იქნება ეფექტური პროკურორი", - განაცხადა ბოკერიამ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსთავი 2-ის ერთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ "ბავშვობაში ჩადენილი საქციელის გამო არ შეიძლება, ადამიანს პერსპექტივა მოუკლა" და მას კომიკური უწოდა.
„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, კომიკურია. თუ მან რაიმე ბავშვობაში ჩაიდინა, ის უნდა ეპატიოს, თქვა პრემიერმა. 25 წლის ადამიანი ბავშვად არ უნდა ჩაითვალოს",- განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი 30 წლისაა და შესაბამისად, ეს არ არის ბავშვობის ასაკი.