საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ხელმოწერას აფასებს. როგორც თემის კომენტირებისას ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ განმარტა აშშ-ს აღარ დარჩა არანაირი კითხვა საქართველოში შერჩევითი სამართალთან დაკავშირებით.
,,2014 წელს, სწორედ, თავდაცვის მიმართულებით, საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ინტენსიური გახდება. ერთ-ერთი სენატორის, ტერნერის ინიციატივით, ამ აქტში უნდა შესულიყო საქართველოსთვის არცთუ ისე სახარბიელო ჩანაწერი, რომელიც ეხებოდა სავარაუდო სამართლებრივ დარღვევებს საქართველოში. ასევე შერჩევით სამართალს და ზოგიერთი დემოკრატიული რეფორმის არასათანადოდ გატარებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ ამერიკულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი და ოფიციალური ინფორმაცია, აშშ-ის მხარეს არ დარჩა არანაირი კითხვა შერჩევითი სამართლისა თუ სხვა საკითხების მიმართ. შესაბამისად, ეს ჩანაწერი ამ აქტიდან ამოღებულ იქნა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც საქართველოსთან სამხედრო თანაშრომლობას გულისხმობს.