საქართველოს სუამში ცალკე წარმომადგენლობა აღარ ეყოლება და აღნიშნულ მოვალეობას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება შესრულებს. ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
,, საქართველოს კიევში ორი წარმომადგენლობა ჰქონდა, ერთი ეს იყო საქართველოს საელჩო და საქართველოს წარმომადგენლობა სუამში. სუამის წევრს არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია ასე გამოყოფილი წარმომადგენლობა, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენც გაგვკეთებინა ისე როგორც ეს არის სხვა ქვეყნებში და სუამში ჩვენი წარმომადგენლობა შეუერთდა და დაექვემდებარა საქართველოს საელჩოს კიევში. შესაბამისად აუცილებელი გახდა საელჩოსთვის სახელწოდების შეცვლა და ელჩისთვის თანამდებობის შეცვლა. ასე რომ, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ რომ მიხეილ უკლება არის გამოწვეული, პირიქით მას გაეზარდა უფლებამოსილება და იგი ამიერიდან იქნება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და ამავე დროს მუდმივი წარმომადგენელი სუამში", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და განმარტა რომ აღნიშნული ცვლილება პირველი თებერვლიდან განხორციელდება.
მისივე განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ელჩიც გამოიწვია.
,,გამოწვევა შეეხო სამ ელჩს, ეს არის ინდოეთში ჩვენი ელჩი ზურაბ კაჭკაჭიშვილი, წმინდა საყდართან ჩვენს ელჩს ქეთევან ბაგრატიონს და ნიდერლანდების სამეფოში შოთა ღვინერიას. არც ერთი მათგანი გათავისუფლებული არ არის ისინი გამოწვეული არიან გრძელვადიანი მივლინებიდან", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.