დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ბათუმის პორტში მანდარინის გემზე დატვირთვას დაესწრნენ.
გემი „გეროი-სევასტოპოლი" ბათუმის პორტიდან უკრაინის მიმართულებით 3 000 ტონა ციტრუსს გაიტანს. ასევე მიმდინარეობს დატვირთვა რუსეთის მიმართულებით მიმავალ გემ „ორსა", რომელიც 1000 ტონა ციტრუსს გაიტანს. დღესვე ფოთის პორტში ჩამოდგება გემი „ვილნიუსი," რომელიც უკრაინის მიმართულებით მოახდენს 2500 ტონა ციტრუსის ექსპორტს.
დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია 40 000 ტონამდე ციტრუსი. მათ შორის რუსეთის მიმართულებით გატანილია 11 800 ტონა. წლის ბოლომდე ექსპორტზე გავა 50-60 ათას ტონამდე მანდარინი.