საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვებს. მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა და კომიტეტის წევრებმა, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააცნეს მოსახლეობას. შეხვედრას ასევე დაესწრნენ არასამთავრობო სექტორისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
ანალოგიური შეხვედრები უკვე გაიმართა, თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
საჯარო შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.