19 დეკემბერს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეთანხმებებს. ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს გერჰაუზერმა.
ხელშეკრულებები ითვალისწინებს შემდეგი პროექტების დაფინანსებას:
Ø „ურბანული სექტორის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3"
Ø „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3"
„დღეს ხელი მოვაწერეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების ხელშეკრულებებს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მნიშვნელოვანი ინვესტორია. მისი მეშვეობით ვახორციელებთ როგორც საჯარო, ისე კერძო პროექტებს. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა; გზების მშენებლობა, წყალმომარაგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„აზიის განვითარების ბანკი მოხარულია იმ ნაყოფიერი თანამშრომლობით, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობასთან. აღნიშნული პროექტები საქართველოში აზიის განვითარების ბანკის გრძელვადიანი საინვესტიციო პროგრამების ნაწილია. მათი მეშვეობით, ერთის მხრივ, სხვადასხვა ქალაქებში დაფინანსდება წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო და კანალიზაციის მშენებლობის სამუშაოები, ხოლო მეორეს მხრივ, ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა თბილისი-რუსთავის დამაკავშრებელი ავტომაგისტრალის (მეორე მონაკვეთი) მოდერნიზაციის და ანაკლიის ნაპირდაცის სამუშაოები," - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა.
„ურბანული სექტორის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3"-ის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის განხორციელება და ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა.
მესამე პროექტის განხორციელების მიზნით, ADB-ს მიერ საქართველოსათვის გამოიყოფა დაახლოებით 98 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. პროექტს განახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.
"მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3"-ის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის (მეორე მონაკვეთი) და ანაკლიის ნაპირდაცვის (მეორე ფაზა) სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
მესამე პროექტისათვის ADB-ს მიერ საქართველოსათვის გამოიყოფა 73 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. პროექტს განახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
საპროექტო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა.