ახალი წლის დღეებში და ზამთრის პერიოდში შიდა ტურისტების მოსაზიდად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სპეციალურ მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებს. აჭარის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში" კერძო სექტორის სტიმულირებასა და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
27 დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ 30%-დან 50%- მდე ფასდაკლებებით რეგიონის სასტუმროებში. პროექტი „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში" მოიცავს როგორც სასტუმროებს, მათ სერვისსა და პროდუქტს, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებებს, უფასო კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი: http://batumievents.com/ და ინფორმაციის მიღებასთან ერთად ისარგებლონ არსებული შემოთავაზებებით.
ახალი წლის აღსაღნიშნავად 27 დეკემბრიდან 11 იანვრამდე ბათუმელებისა და მისი სტუმრებისათვის პირველად აჭარაში ევროპის მოედანზე მოეწყობა ევროპული ტიპის საშობაო გამოფენა-ბაზრობა. საახალწლო ნაძვის ხესთან მუდმივად არსებულ სცენაზე ცოცხალი შესრულებით უფასო კონცერტებს ჩაატარებს ანსამბლი „შინი", „ანსამბლი ბათუმი", „მგზავრები", „ფრანი", „სითი ბენდი", „გუფილენდი", „ანტიბიოტიკი" და სხვა საინტერესო შემსრულებლები.
საახალწლო უფასო კონცერტებს 11 იანვარს დაასრულებს ცნობილი უკრაინული ჯგუფი „ვიაგრა".
მასალის გამოყენების პირობები