საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ტურიზმი მომდევნო წლებში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ ისევ დარჩება. როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2013 წლის საქმიანობის შეჯამებისას განმარტა, ტურიზმი და საქართველოს საგადამხდელო ბალანსის დასაყრდენი მიმართულებაა.
„ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 23 %-ით გაიზარდა. პრინციპში ყველა იმ ტრადიციული მიმართულებით, რომელიც საქართველოში იყო არის სერიოზული ზრდა. განსაკუთრებული დაინტერესება არის კახეთის მიმართულებით, ღვინის ტურიზმის მიმართულებით. ასევე სათავგადასავლო ტურიზმისა და გამაჯანსაღებელი ცენტრების მიმართულებით. ზღვისპირეთის მიმართ ასევე ძალიან დიდი დაინტერესებაა, განსაკუთრებით ბათუმით და ვფიქრობთ, რომ ყველა ეს მიმართულება მომავალი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად განვითარდება. ჩვენ გვაქვს სპეციალური მიზნობრივი პროგრამები. ასევე მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ ორი მიმართულებით, ესაა იმერეთი და კახეთი.
ასევე ვმუშაობთ მთლიანად რეგიონების განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მზად. ვფიქრობთ, რომ ტურიზმი როგორც იყო ისევ დარჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი წყარო უცხოური ვალუტის შემოდინების და ის ჩვენი საგადამხდელო ბალანსის გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი მიმართულებაა"- აღნიშნა კვირიკაშვილმა.