,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ ტენდერის ფაქტს ეხმიანება. როგორც პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განმარტა მთავრობა ცდილობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ექსცენტრიული თავმჯდომარისთვის ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერის ფაქტი გაასაღოს როგორც იზოლირებული შემთხვევა.
,,მთავრობა ცდილობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ექსცენტრიული თავმჯდომარისთვის ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერის ფაქტი გაასაღოს როგორც იზოლირებული შემთხვევა. არადა ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, იმ დროს როცა საქართველოს ეკონომიკა განიცდის დაღმასვლას ხოლო უმუშევრობა იზრდება, მასიურად არიან დაკავებული ძვირადღირებული მანქანების შეძენით.ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე როცა სახელმწიფო ბიუჯეტში გარღვევამ ანუ დანაკლისმა მიაღწია 800 მილიონ ლარს, ეკონომიკას დააკლდა მილიარდნახევარი ლარი ხოლო მომავალ წელს მთავრობა აპირებს ქართველი ხალხი დაამძიმოს მილიარდ 600 მილიონი ახალი ვალით", განაცხადა წიკლაურმა.
მისივე განმარტებით, ცოტა ხნის წინ გარდაბნის საკრებულომ 80 ათასი ლარის ღირებულების „ტოიოტა ლენდკრუიზერის" ჯიპი შეიძინა.
,,მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა ტენდერი ძვირფას ავტომობილებზე 114, 48, 52 და 56 ათასი ლარის ღირებულებით.სულ ორიოდე თვის წინ გარდაბნის საკრებულომ 80 ათასი ლარის ღირებულების „ტოიოტა ლენდკრუიზერის" ჯიპი შეიძინა. სამწუხაროდ, ეს სრული ჩამონათვალი არ არის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ ეს ყველაფერი ხდება ეკონომიკის დაცემის, საბიუჯეტო კრიზისის და ხალხის გაღარიბების ფონზე. ამასთან, ქართული ოცნების მთავრობას ადგილზე დახვდა გამართული და საკმაოდ თანამედროვე ავტოპარკი რომელიც განახლების მწვავე აუცილებლობას არ განიცდის", _აცხადებს წიკლაური.