აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფაგლბეში კახეთში დღეს ორი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა. საგარეჯოში და გურჯაანში საცავ მაცივრების გახსნის ცერემონიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე და საქართველოში ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი ჯონ ბასი ესწრებოდნენ. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის პრესსამსახური იუწყება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "მედულაშვილის" სამაცივრე მეურნეობისთვის აგრობიზნესის განვითარების ფარგლებში გამოყოფილი 150 ათასი დოლარი გამაციებელი მოწყობილობის და სხვა საჭირო დანადგარების შეძენას მოხმარდა. თავად მეწარმემ შენობის განახლება და სავენტილაციო სისტემის დამონტაჟება უზრუნველყო. "ზ. მედულაშვილის" სამაცივრე მეურნეობაში 25 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, 100 ბენეფიციარი კი მოიპოვებს დამატებით სარგებელს.
დღესვე გაიხსნა კიდევ ერთი სამაცივრე მეურნეობა. გურჯაანში საცავ მაცივრის ამუშავებას დაახლოებით 300 ათასი დოლარი მოხმარდა და შეიქმნა 47 ახალი სამუშაო ადგილი.
"სამაცივრე მეურნეობების შექმნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საცავ-მაცივრების რაოდენობის გაზრდა ხელს შეუწყობს შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებას, რადგან გლეხებს წარმოებული პროდუქციის შენახვის შესაძლებლობა ექნებათ და მის გაყიდვას მაშინ შეძლებენ, როდესაც პროდუქციაზე უფრო მაღალი მოთხოვნა იქნება", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის განცხადებაში.