აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ წარუდგინა. სხდომაზე ჯანმრთელობისა და სოციალური კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ისაუბრა. ბიუჯეტის განხილვის პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მინისტრთა კაბინეტის წევრები კანონმდებლების შეკითხვებს საათზე მეტი დროის განმავლობაში პასუხობდნენ. დეპუტატებმა 2014 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს. აჭარის უმაღლეს საბჭოში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსაც მოუსმინეს.
2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით:
1) ჯანდაცვის დაფინანსება 1 მილ. 400 000 ლარით გაიზარდა
2) საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2 მილ. ნახევრით გაიზარდა
3) ტურიზმი 1 მილ 200 000 გაიზარდა
4) სოფლის მეურნეობა 1 მილიონ 300 000 გაიზარდა
5) განათლება 3 მილ. 300 000 გაიზარდა
6) გარემოს დაცვის კუთხით ბიუჯეტში, სანაპირო დაცვითი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება.
7) მუნიციპალიტეტების ტრანსფერი 8 მილიონი ლარით გაიზარდა.
ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება 2014 წლისთვის სოციალური პროექტების დაფინანსებაა. „სოციალური სახლების" პროექტის მიხედვით, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში, სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 72 ბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. 18 თვიანი პროექტი 2014 წელს დაიწყება და ის 2015 წელს დასრულდება. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტზე სულ 13 მილიონი ლარია გამოყოფილი,რაც 2014-2107 წლებზე გადანაწილდა. სოციალური სახლების მშენებლობისა და შენობების რეკონსტრუქციის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, 296 საცხოვრებელი ბინა ეკომიგრანტ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. პროგრამის მომდევნო ეტაპზე კი თავშესაფარი, დამატებით 150-ზე მეტ ოჯახს ექნება.