საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის წამყვან მრჩევლებს- ბილ მონაჰანს, ენტონი ლაზარსკისა და ტომ გოფუს შეხვდა .
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით კონგრესის ჩართულობის მნიშვნელობა და აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპრექტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, განიხილეს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თემები, უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკანონო ქმედებები, გლობალური უსაფრთხოების უზრუნვეყოფის საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და სამომავლო გეგმები.
ქართულმა მხარემ ამერიკულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ინიცირებისა და მის ხელმოწერამდე არსებულ პერიოდში შესაძლო გამოწვევების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ პერიოდში აშშ-ს ჩართულობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გაცხადდა 2014 წლის იანვარში აშშ-ს სენატორებისა და კონგრესმენებისაგან შემდგარი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თანათავმჯდომარე, სენატორი ჯეიმს ინჰოფი უხელმძღვანელებს.