„2014 წელს ბიუჯეტის საჭიროებისათვის ავიღებთ უფრო ნაკლებ ვალს, ვიდრე გავისტუმრებთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აღებულ ვალებს", აღნიშნულის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა
2014 წლის ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას გააკეთა.
,,ჩვენ გავითვალისწინეთ ძალიან ბევრი შენიშვნა, რომელიც პარლამენტმა გამოთქვა განხილვების პროცესში. განხილვა ორი თვე მიმდინარეობდა. ბიუჯეტმა საბოლოო სახე მიიღო, თუმცა ცხადია, პრიორიტეტები იგივეა, ეს არის სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება. მომავალი წლიდან ბიუჯეტი იწყებს ბიზნესის წახალისებას ამისთვის ორი მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ერთი, სახაზინო ვალდებულებებით მიღებულ შემოსავლებს განვათავსებთ საბანკო ანგარიშებზე და ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ, გრძელვადიანი კრედიტი გასცენ; მეორე მხრივ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გაეზრდება დაფინანსება, რომელიც ბიზნესის, ე.წ. სტარტაპების დაფინანსებას მოხმარდება. რაც შეეხება ,,ნაციონალური მოძრაობის" შენიშვნებს საშინაო ვალის აღებასა და ხელფასებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შენიშვნები მხოლოდ შენიშვნებისთვის არის და მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე თქვან. რაც შეეხება ვალებს, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მომავალ წელს ბიუჯეტის საჭიროებისათვის ავიღებთ უფრო ნაკლებ ვალს, ვიდრე გავისტუმრებთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აღებულ ვალებს",- აღნიშნა ნოდარ ხადურმა.