,,სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელი, რბილად რომ ვთქვათ, მდაბიო პროვოკაცია გია ბარამიძის მიმართ, არ გეგონოთ შემთხვევითი", _აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით საყვარელიძე დეპუტატებს შორის მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.
საყვარელიძის განაცხადებით, მომხდარი ინციდენტი ,,ქართული ოცნების" წინასწარ დაგეგმილი სკანდალი იყო, რათა გადაფარულიყო საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
,,ეს გახლდათ ,,ქართული ოცნების" აშკარად პრორუსული ფრთის წინასწარ მიღებული ინსტრუქციით დაგეგმილი სკანდალი, რათა ჯაჭვლიანის პიერ პროვოცირებული ჩხუბით გადაფარულიყო რუსეთისთვის ყველაზე არასასიამოვნო ფაქტი: საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის თავისუფლების მიმართ! სოსო ჯაჭვლიანის პირადი ღირსების შეურაცხყოფის შემცველი პროვოკაცია მოყვა გია ბარამიძის მიერ გაკეთებულ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას. ასევე გადაიფარა მილიარდ ექვსასი მილიონით გარღვეული ბიუჯეტის განხილვა საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, პროვოკაცია შეიცავდა კუთხური შუღლის გაღვივების პირდაპირ გზავნილებს (ვგულისხმობ სვანეთს), რაც ასევე ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლის სპეცსამსახურების აპრობირებული პრაქტიკაა. ბოლოს დავამატებ, რომ ჩემს მეგობარს, გია ბარამიძეს, არასოდეს უთქვამს ის, რასაც ჯაჭვლიანი დღეს ურცხვად აბრალებდა! ", _აცხადებს საყვარელიძე.