კახეთში ადამიანების ბრუცელოზით დაავადების რიცხვი გაიზარდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სამსახურიდან აცნობეს, 2009 წელს რეგიონში ადამიანების ბრუცელოზით დაავადების 106 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც 2008 წელთან შედარებით მეტია. სპეციალისტების თქმით, დაავადების ყველა შემთხვევა რეგისტრირებული არ არის.
ადაიანების ბრუცელოზით დაავადების ყველაზე მეტი, 31 შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. 17 შემთხვევაა დაფიქსირებული თელავში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ეპიდემიოლოგის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, საგარეჯოს ბევრ სოფელში მოსახლეობა მესაქონლეობას მისდევს, რაც დაავადების მეტ შემთხვევას განაპირობებს. „ბრუცელოზი ზოონოზური დაავადებაა. ის ადამიანზე ცხოველიდან გადადის. აზერბაიჯანულ სოფლებში ცხვრის დიდი ფარები ჰყავთ. საქონელი ივრის პირებზეა გაშლილი. ტერიტორია ნაკლებად კონტროლდება, რაც დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს", - აღნიშნავს ეპიდემიოლოგი.
ოფიციალური ინფორმაციით, ცხოველების უფასო იმუნიზაცია საქართველოში მხოლოდ ცოფის, თურქულის და ციმბირის წყლულის საწინააღმდეგოდ ტარდება. ბრუცელოზზე უფასო აცრებს სახელმწიფო არ აფინანსებს და ის კერძო ვეტერინარულ კლინიკებში ტარდება, რაც საგარეჯოში არ არსებობს.