ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგებს იქამდე გამართავს, ვიდრე რეგიონში მდგომარეობა არ გამოსწორდება. ამასთან, მისი თქმით, ეს ბრიფინგები სისტემატურად გაიმართება. ამის შესახებ განცხადება კარლო კოპალიანმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ `ცაგერის რაიონში არსებული მდგომარეობა ჭაობს ემგავსება.~
კოპალიანის თქმით, ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული პირები, რომელთა რაოდენობაც საჭიროზე გაცილებით მეტია, არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და ისინი პარტიული სახსრების ნაცვლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
"ისინი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აგიტატორები არიან და მათთვის თანხები არამიზნობრივად იხარჯება. კულტურისა და სპორტის სამსახურში გაფორმებული ყველა პირი დსამსახურში რომ გამოცხადდეს არცერთი კლუბი არ დაიტევს. მათი მთავარი ვალდებულება ადგილობრივი დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერაა. ადგილობრივ კეთილმოწყობის სამსახურს მოსახლეობამ ,,ერთი ოჯახოს კეთილმოწყობის სამსახურიც~ კი უწოდა~. - განაცხადა კოპალიანმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იგი მთავარ დამნაშავეებად ყოფილ დეპუტატს ვალერი გიორგობიანს და საკრებულოს წევრებს ჭაბუკიანს და ხეცურიანს ასახელებს, რომლებიც იურიდიულად აფორმებენ აღნიშნულ საქმეებს, ასევე მაჟორიტარმა მათ მოლარედ დაასახელა ვინმე გვიშიანი - გიორგობიანის სიძე.
დეპუტატმა კორუფციის წყარო უწოდა ასევე სოფლის დასაქმების პროგრამას.
წყალტუბო-ცაგერის გზის მონაკვეთი კოპალიანმა ამაზონის ჯუნგლებს შეადარა და ცაგერის რაიონის გზების რეაბილიტაციის პროგრამის მიღმა დარჩენა, მან რეგიონში ოპოზიციონერი მაჟორიტარის ფაქტორს დაუკავშირა.
კოპალიანის მტკიცებით, მის მიერ დასახელებული პირები ყოველდღიურად ატარებენ თათბირს, თუ როგორ გააყალბონ არჩევნები რეგიონში. იგი ხელისუფლებას აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ვიდრე ხელისუფლება ამ პრობლემებს არ მოაგვარებს, ბრიფინგებს სისტემატურად გამართავს.