საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქართულ მედიას ობიექტურობა და პროფესიონალიზმი აკლია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში არსებულ კვლევით ცენტრ "ჩეთემ ჰაუზში" გამოსვლისას განაცხადა.
"მიუხედავად ამისა, ჩემი მთავრობა მედიის თავისუფლების ერთგულია და ამის დასტურია ის, რომ საქართველოში ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი რამდენიმე არხი არსებობს და სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია გააჩნიათ. ისინი ძალიან, ძალიან მტრული არხები არიან", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, მიმდინარეობს რეფორმები ტელეარხებზე "პოლიტიკური დებატების უზრუნველყოფისა და გაფართოების მიზნით" და ამის მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის რეორგანიზაცია მოიყვანა, რომელიც "პოლიტიკოსების განცხადებებისა და პრესკონფერენციებისთვის საეთერო დროს გამოუყოფს".