საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეხმიანება კახი კალაძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა. განცხადების თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს მყარი პოზიცია, საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი კაპიტნის (მისივე განცხადებიდან გამომდინარე), კახა კალაძის მიერ გუშინ გახმოვანებული გადაწყვეტილების თაობაზე.
"ვფიქრობთ, თითოეული ფეხბურთელისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობა უდიდესი სპორტული და მოქალაქეობრივი ვალდებულებაა გუნდისა და ქვეყნის წინაშე. ეროვნული გუნდის წევრს (მით უმეტეს კაპიტანს) კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადებას საჯაროდ აკეთებს. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება ნაკრებიდან წასვლის შესახებ, უპირველესად, მთავარი მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა, რომელთან ერთადაც მრავალი წლის განმავლობაში იცავდა ეროვნული გუნდის ღირსებას", - ნათქვამია განცხადებაში.
სფფ ამასთანავე მოუწოდებს ქართული საფეხბურთო ოჯახის თითოეულ წევრს - მოქმედ თუ ვეტერან ფეხბურთელს, ნებისმიერი საჯარო გამოსვლისას, ისაუბრონ საკუთარი სახელით და არა მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელით.
"მომავალ წელს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი მატჩები უნდა გამართოს. ასევე, იწყება სრულიად ახალი გუნდის ფორმირება და ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება. ქართული საფეხბურთო ოჯახისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა წევრმა სწორად გაიაზროს ამ პროცესების მნიშვნელობა. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ, ჩვენი ფეხბურთელები გულშემატკივარსა და საზოგადოებას თავს კარგი თამაშით დაამახსოვრებენ და არა პოლიტიკური განცხადებებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება კახა კალაძემ გუშინ, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა.