პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას განცხადებით, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, აფხაზების მდგომარეობა გამოსწორდება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაოკუპირებულ ტერიტორიაზე აშენებს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს და უკეთესი იქნება, თუ ეს პროცესი დაჩქარდება.
"ის მენტალური განსხვავება, რაც არის ორ ამ სახელმწიფო მოწყობას შორის, უკეთესი იქნება, დროზე მოგვარდეს. აფხაზეთი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი და არც იქნება. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პოზიცია, ეს არის ევროკავშირის, ნატოს, აშშ-ის და სხვა წამყვანი სახელმწიფოების პოზიციაც. რაც შეეხება იმას, რომ მიღწეული შეთანხმებით რუსეთმა პრაქტიკულად აღიარა საქართველოს ეკონომიკური საზღვარი. რუსეთი არ ცნობს ამ ტერიტორიებს საქართველოს შემადგენლობაში, ეს ფაქტია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს თანმიმდევრული და პრინციპული მიდგომის შედეგად, მივიღეთ ის, რომ რუსეთმა აღიარა საქართველო იმ საზღვრებში, რომელიც არის ცნობილი გაეროს 91 წლის გადაწყვეტილებით", - განაცხადა მალაშხიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს არის ეკონომიკური საზღვარი და მისი კონტროლი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მომავალში ამას მოჰყვება სრული დემილიტარიზაცია.
"უბრალოდ, ეს საკითხი ვმო-ში არ დგას. ჩვენ ამ შეთანხმებით მივიღეთ ის საკითხი, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მალაშხიამ.
სეპარატისტულ აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება მდინარე ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის დამყარების შესახებ აფხაზეთის ე.წ. ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. საერთაშორისო მონიტორინგს აფხაზეთში მოქმედი რესპუბლიკური პარტია "სახალხო ერთიანობის ფორუმი" და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე ე.წ. ვეტერანების პარტია "არუაა" აპროტესტებენ. სეპარატისტები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება აფხაზურ მხარესთან წინასწარი კონსულტაციის გამართვის გარეშე მიიღო, ვინაიდან ყოველივე ეს "აფხაზეთის სუვერენიტეტთან არის პირდაპირ კავშირში". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.