დღეს ღამით, 8 ნოემბერს, 04:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი ჰააგაში გაემგზავრა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რესპუბლიკური პარტიიდან აცნობეს, ხიდაშელი შეხვედრებს გამართავს მის მიერ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თაობაზე ,ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
თინათინ ხიდაშელმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი აგვისტოს ომის დროს ქართველი მოსახლეობის იძულებით გამოდევნის, განზრახ მკვლელობების, ტყვეების წამების და მათი ქონების განზრახ დაზიანების შესახებ შეიტანა.
თინათინ ხიდაშელი წინა ვიზიტისას ჰააგაში აღნიშნული საქმის პროკურორს შეხვდა. ხიდაშელმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სარჩელი არასწორ სასამართლოში შეიტანა და საქმეც წააგო, რადგან მას პოლიტიკური დივიდენდების დაწერა უფრო სურდა ვიდრე შედეგის მიღწევა. ხიდაშელის განცხადებით მომხდარი არ იყო გაერო-ს ტიპის დანაშაული, ამიტომაც უარი განაცხადეს საქმის განხილვაზე.
"ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და სარჩელი უნდა შესულიყო იგივე ქალაქში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში", - განაცხადა ხიდაშელმა.