დღეს 15.00 საათზე თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრმა ზაზა გაბუნიამ პრეს-კონფერენცია გამართა, რომლის თემა მერიის პროექტი "1000 ახალი ჯიხური იყო".
დეპუტატის თქმით აღნიშნული პროექტს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს მცირე მეწარმეობის წახალისების საქმეში, სწორედ ამიტომ აუცილებელია ჯიხურებთან დაკავშირებული აუქციონი ჩატარდეს სამართლიანად და იგი მთლიანად მოქალაქეზე, მცირე მეწარმეზე იყოს ორიენტირებული.
ამასთან, ზაზა გაბუნია შუამდგომლობით მიმართავს ქალაქის მერიას და თხოვს მას, პრესის გამომცემლებისა და გამავრცელებლებისათვის დაშვებულ იქნას სპეციალური შეღავათი, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ იყვნენ კონკურენტუნარიანები აუქციონის მიმდინარეობის პროცესში. ამ მიზნით, ზაზა გაბუნია მერიას სთხოვს პრესის წარმოამდგენელთათვის აუქციონი ცალკე ჩატარდეს, სპეციალური პირობებით.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ქრისტიან-დემოკარტები უახლოეს დღეებში ფრაქციის გაფართოებულ სხდომას გამართავენ, სადაც მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, პრესის გამომცემლები და გამავრცელებლები იქნებიან მიწვეული.
ქრისტიან-დემოკრატების ცნობით, პროექტის "1000 ახალი ჯიხური"-ს ფარგლებში განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 4 ნოემბერია, ხოლო პირველი აუქციონი 7 ნოემბერს გლდანის, თემქის, მუხიანის, დიდი დიღმის, ავლაბრის, ვაზისუბნის, სოფელ შინდისის, ფონიჭალის დასახლებების და ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, გორგასლის, ცოტნე დადიანის, ლიბანის, ლომთათიძის, ბელიაშვილის, აჭარის, პეტრიწის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე განსათავსებელი ჯიხურებისათვის გაიმართება.
აუქციონში გამარჯვებულს ჯიხური მფლობელობაში 5 წლით გადაეცემა.