თუ 90-იან წლებში აფხაზეთიდან იარაღის ძალით გამოგვყარეს, ახლა გვყრიან ჩვენი ქვეყნიდან რუსული და არაბული ფულით, ივანიშვილების, ფხაკაძეების, გილაურების, ჩხარტიშვილების ფულით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა, როგორც ჯაბა იოსელიანმა, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე, დაასაქმა მძარცველურ “ქოლ ცენტრებში” და ამ ყველაფრის კონტროლი დაავალა პოლიციას და უშიშროებას და წილების მასთან ატანა და როდესაც ლილუაშვილმა ეს წილი მოუტეხა, ის დაისაჯა.
"90-იან წლებში აფხაზეთიდან იარაღის ძალით თუ გამოგვყარეს, ახლა გვყრიან ჩვენი ქვეყნიდან რუსული და არაბული ფულით, ივანიშვილების, ფხაკაძეების, გილაურების, ჩხარტიშვილების ფულით. რა უფლება აქვს ივანიშვილს, გაგვაგდოს ქვეყნიდან? რა უფლება აქვთ რუსებს და არაბებს, გაგვყარონ მაშინ, როცა ქართველებს არ აქვთ არცერთი სხვა ქვეყანა, საქართველოს გარდა. ნუთუ, აჭარა იმიტომ გამოვგლიჯეთ 90-იანი წლების პრორუს სეპარატისტ-ფეოდალ ასლან აბაშიძეს და რუსულ ჯარსა და რაზმებს ხელიდან, იმიტომ განვავითარეთ ასე სწრაფად, რომ ივანიშვილმა მიჰყიდოს არაბებს და რუსებს? რისთვის გავუხსენით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა, რომ ქვეყანას ისევ თავზე მოჯდომოდა ღარიბაშვილის და მდინარაძის მსგავსი ჭუჭყი? ჩემ დროს მთლიანად ამოვძირკვე ნარკოტიკები: სუბუტექსის ერთი ტაბლეტი 3 ათასი დოლარი ღირდა და არ იშოვებოდა. ივანიშვილმა ყველა ხის ქვეშ დაყარა ნაირ-ნაირი მკვლელი ნარკოტიკები და თან თითქმის უფასოდ. ჩვენ ავაყვავეთ განათლება, გავწმინდეთ ის წინა ათწლეულების კორუფციისგან და წავიყვანეთ ევროპისკენ. ივანიშვილმა დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, დახურა ილიაუნი და დააბრუნა აღებ-მიცემობა სკოლებში და ქაოსი უმაღლეს განათლებაში.
ივანიშვილი ვერ შედგა ვერაფერში, მათ შორის ვერ შედგა, როგორც დიქტატორი, ვინაიდან ნამდვილი დიქტატურა გულისხმობს მკაცრ, ზოგჯერ სასტიკ წესრიგს და გამორიცხავს ქაოსს. ჭორვილელი ყოველდღიურად გენერირებს ქაოსს და მას დიქტატურა ადამიანების – კიდევ უფრო მეტი ადამიანების – ციხეში ჩაყრა ჰგონია და ამის იქით პრაქტიკულად ვერაფერს მართავს. უნდა პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ გარდავიქნებით შეუმდგარ ქვეყნად, რომელსაც თავზე მოასკუპდა შეუმდგარი დიქტატორი. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ცნებას, რაც რუსებმა მოგვახვიეს თავს: რომ ქართველები დაბადებული ვართ კრიმინალისთვის, კორუფციისთვის, რუსების მომსახურებისა და გართობისთვის, და თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა მათთვის დაუშვებელი ფუფუნებაა, იმიტომ რომ ქართველები არიან ერთუჯრედიანი ჩმორები. მე კი გეუბნებით: ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ უნდა ხმამაღლა ვთქვათ: „ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლეს, ილია ჭავჭავაძის, ქართული სოციალ-დემოკრატიის, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის, „ვარდების რევოლუციის“ და სულ ახლახან გამართული მრავალრიცხოვანი გამოსვლების ერი. ჩვენ ვართ მე-17 საუკუნის ქართლ-კახეთის და გურიის მე-19-მე-20 საუკუნეების აჯანყებების, 100 წლის წინანდელი თბილისისა და ბათუმის მუშათა მოძრაობის, 1924 წლის აჯანყების და 1978 წლის 14 აპრილის, 9 აპრილის ერი. ამიტომაც არ და ვერ ვიქნებით ჩმორები, და თან ვისი – დასუსტებული იმპერიის და მისი კომიკური „სტავლენიკის“, ბორია ივანიშვილის ჩმორები? ნურას უკაცრავად. მე, მიხეილ სააკაშვილი გეუბნებოდით, რომ 90-იანი წლების უბედურების რესტავრაციას დავასრულებთ, უსაფრთხოება დაბრუნდება და ნარკოტიკები და კრიმინალი გაქრება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, სკოლებში.
კორუფცია სამუდამოდ ამოიშანთება ჩვენი ყოფიერებიდან და მენტალიტეტიდან. ამას ვამბობ ლიდერი, რომლის ე.წ. დამალული ქონება მთელ მსოფლიოში დაძებნეს და ერთი მოპარული თეთრი ვერ იპოვეს – რაც არ არსებობს, იმას როგორ იპოვიდნენ? ამას ვამბობ იდეალისტთა იმ დიდი ჯგუფის სახელით, რომელიც არასოდეს გაიყიდა. საქართველოში აღარ აშენდება 20-მილიონიანი ბინები, მაგრამ ყველა ქართულ ოჯახს ექნება ღირსეული ბინა და სამსახური. საქართველოში ჩამოვა ბევრი უცხოელი, მაგრამ ჩამოვა როგორც ტურისტი, როგორც სტუმარი – სტუმარი ღვთისაა – და არა როგორც აქაურობის ბატონ-პატრონი. დღევანდელი კლინიკების 100% აშენებულია ჩემ მიერ და ეს კლინიკები მოემსახურება ხალხს მთლიანად უფასოდ. ამ კლინიკების წუწკი მფლობელების ჯიბეში კი აღარ დაილექება მთელი შემოსავალი, არამედ გადანაწილდება ექიმებზე, ექთნებზე, სანიტრებზე. ჩვენს გლეხებს აღარ მოუწევთ ხელგაწვდილი დგომა და ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც მათ მოუტანს მაღალ შემოსავალს. და რაც მთავარია: ხელისუფლების შიში აღარასდროს უნდა განაპირობებდეს ჩვენს საქციელს და მოტივაციას – კანონისა და ადამიანობის დაცვა კი, ხელისუფლების შიში არა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.