უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 25 სექტემბრის ღამეს დარტყმების შედეგად რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებაში ჩართული საწარმოები დაზიანდა.
გენშტაბის ინფორმაციით, ერთ-ერთი სამიზნე იყო ულიანოვსკის ოლქში მდებარე ქარხანა „ისკრა“, რომელიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემების მწარმოებელი კონცერნის, „ალმაზ-ანტეის“, შემადგენლობაში შედის და ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია.
უკრაინული მხარის ცნობით, საწარმო აწარმოებს ნახევარგამტარულ მოწყობილობებსა და ელემენტურ ბაზას რადიოელექტრონული აპარატურის, საზომი მოწყობილობების, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მწარმოებლებისთვის.
გენშტაბის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა ტულის ოლქის ქალაქ ეფრემოვსა და ვორონეჟში მდებარე საწარმოები.
ასევემ გენშტაბის ინფორმაციით, ქალაქ პერმში, „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა.
უკრაინული მხარის ცნობით, საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა.
ასევე, გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის სამიზნე გახდა „ნოვოშახტინსკის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში.
გენშტაბის ცნობით, საწარმოზე თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
„ნოვოშახტინსკის“ ქარხნის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე, უკრაინული მხარის შეფასებით, წელიწადში დაახლოებით 7.5 მილიონ ტონას შეადგენს.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ქარხანა რუსეთის სამხრეთში ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელია და რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგებაშიც მონაწილეობს.
უკრაინის გენერალურ შტაბს არ დაუკონკრეტებია, რა მასშტაბის დაზიანება მიადგა საწარმოებს. რუსეთის შესაბამის უწყებებს ამ ცნობებზე ოფიციალური კომენტარი, ამ ეტაპზე, არ გაუკეთებიათ.