შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს.
მათი ცნობით, გაძევებულ პირებს, ასევე აეკრძალათ საქართველოში შემოსვლაც.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, რუსეთის, ეთიოპიის, ეგვიპტის, ერაყის, ინდოეთის, ბურუნდის, პაკისტანის, კენიის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, იორდანიის, ნიგერიის, სომხეთის, უზბეკეთის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 83 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს ქვეყანაში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას. უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 3000-ზე მეტი პირი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.