ნოტები დღეს რუსული მხარისთვის გადასაცემად საქართველოს საგარეო უწყებამ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის მოადგილეს ა. შლიუხტერს გადასცა.
ქართული მხარის პროტექსტი ამჯამად რუსეთის მიერ 2009 წლის ნოემბრის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, კერძოდ მოსკოვის მილიციის თანამშრომლების მიერ 23 ნოემბერს საქართველოს მოქალაქის ედუარდ ღურწკაიას მკვლელობის ფაქტს და 29 ნოემბერს სოფელ პერევიდან რამაზ მაკასარაშვილის გატაცებას უკავშირდება.
გარდა ამისა, როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ელჩთან შეხვედრაზე ხაზი იმასაც გაესვა, რომ მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი მცდელობისა, რუს ოკუპანტებსა და მათ მარიონეტებს, დღემდე ტყვეობაში ჰყავთ საქართველოს ოთხი არასრულწლოვანი მოქალაქე.
"გამოითქვა საქართველოს მხარის მკაცრი პროტესტი, რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევას", - ნათქვამია განცხადებაში.