ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს.
თანხა დრონების წარმოებასა და PAC-3 ტიპის ჩამჭრელი რაკეტების შესყიდვას მოხმარდება.
ამის შესახებ ევროკავშირის თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში კომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირსა და უკრაინას შორის დრონების ალიანსის მმართველი საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა .
კუბილიუსის განცხადებით, დაფინანსება უკრაინის მხარდაჭერის 90-მილიარდევროიანი სესხის ფარგლებში გამოიყოფა.
„დღეს ევროკომისიამ ასევე ოფიციალურად დაამტკიცა 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა უკრაინის დრონებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებისთვის, უკრაინის მხარდაჭერის სესხიდან. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ამ მიზნის მისაღწევად ბევრი ვიმუშავეთ წევრ სახელმწიფოებთან და უკრაინასთან“, - განაცხადა კუბილიუსმა.
ევროკომისრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინას ოფიციალურად აძლევს შესაძლებლობას, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის PAC-3 ტიპის ჩამჭრელი რაკეტები შეიძინოს.
მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის სესხიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში შესყიდვებთან დაკავშირებით ხუთი გამონაკლისია გათვალისწინებული. მათგან სამი ეხება უკრაინული დრონებისა და მათი კომპონენტების წარმოებაში ინვესტიციებს, რომელთა ღირებულებაც დადგენილ ზღვარს აღემატება, ხოლო ორი - ამერიკული წარმოების აღჭურვილობის, მათ შორის PAC-3 ტიპის რაკეტების, შესყიდვას. მათი შეძენა შესაძლებელია, მათ შორის, PURL-ის მექანიზმის გამოყენებით, ნატო-სთან ერთობლივი კოორდინაციის ფარგლებში.
„დღევანდელი გადაწყვეტილების წყალობით მივაღწიეთ შედეგს, რომლის მიხედვითაც უკრაინის მხარდაჭერის სესხიდან თავდაცვის დაფინანსებისთვის წელს გამოყოფილი 28.3 მილიარდი ევროს სრული ოდენობა უკვე შეთანხმებულია“, - განაცხადა ევროკომისარმა.