უკრაინა იმედოვნებს, რომ 2026 წლის ბოლოსთვის Freyja-ს პროგრამის ფარგლებში პირველი ანტისარაკეტო სისტემა ექნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„კომპანიებმა გვითხრეს, რომ ამისთვის, ახალი ანტისარაკეტო სისტემის შესაქმნელად, 20-30 წელი სჭირდებათ. მე ვუპასუხე, რომ ასეთი ხანგრძლივი ომი არ გვინდა. აბსოლუტურად არა. ეს სხვა სამყაროზეა საუბარი, ეს XX საუკუნეში იყო. ახლა ახალი ტექნოლოგიებია, ახალი უკრაინაა და ჩვენ შეგვიძლია ეს გაცილებით სწრაფად გავაკეთოთ. ველოდებით, რომ წლის ბოლოსთვის პირველი სისტემა გვექნება“, - განაცხადა ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თვის ბოლოს ნიუ-იორკში დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ უფრო მკაფიო წარმოდგენა შეიქმნება შემდგომი ნაბიჯების გრაფიკზე. მანამდე კი უკრაინა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებას ელოდება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის გამო უკრაინული მხარე ამერიკელებს ენდობა.
„როდესაც რუსეთი ყოველდღე და ყოველ ღამე გვესხმის თავს და ევროპელებისა და ამერიკელებისგან სადაზვერვო ინფორმაციას ვიღებთ, ჩვენს ხალხს ვაფრთხილებთ: „თავშესაფარში ჩადით“. რა თქმა უნდა, ამერიკელებს ვენდობით. ყველა ტექნოლოგია გვეხმარება, მაგრამ მოლაპარაკებები რთული გამოწვევა და რთული საკითხია. აქ ბევრი ინტერესია გადაჯაჭვული. ამიტომ ჩვენ ვენდობით და ვამოწმებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.