რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე აეროპორტებმა თვითმფრინავების საწვავით შევსებაზე მასობრივი შეზღუდვების დაწესება დაიწყეს. ასეთი ზომები კალინინგრადიდან პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიმდე მდებარე სულ მცირე 26 აეროპორტში მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times იუწყება.
პირველი შეზღუდვები აეროპორტებში ჯერ კიდევ ივნისში დაწესდა, შეზღუდვების მეორე ტალღა კი სექტემბერში დაიწყო. მათი მოქმედების ვადა კონკრეტული აეროპორტის მიხედვით ერთი თვიდან თითქმის შვიდ თვემდე მერყეობს.
მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში 2027 წლის მარტამდე თვითმფრინავების საწვავით შევსება მხოლოდ ფრენის გეგმით გათვალისწინებული ოდენობით იქნება შესაძლებელი და დამატებითი საწვავის ჩასხმა დაუშვებელია. ანალოგიური წესი კალინინგრადის ხაბროვოს აეროპორტშიც მოქმედებს და ის დეკემბრამდე გაგრძელდება.
26 აეროპორტიდან 15-ში შეზღუდვები მხოლოდ უცხოურ ავიაკომპანიებს ეხება. შესაბამის შეტყობინებებში აღნიშნულია, რომ „უცხოური კომპანიების თვითმფრინავების საწვავით შევსება შეზღუდულია ერთი ფრენისთვის საჭირო ოდენობით“.
ასეთი შეზღუდვები, მათ შორის, მოქმედებს ყაზანის, უფის, პერმის, ეკატერინბურგის, ჩელიაბინსკის, ტიუმენის, ირკუტსკის, ვლადივოსტოკის, ხაბაროვსკის, იაკუტსკისა და სხვა ქალაქების აეროპორტებში.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაა რუსეთის სამხრეთში, სადაც აეროპორტების ნაწილი ომის გამო დახურულია. მოქმედი ექვსი აეროპორტიდან სამ მათგანში - სოჭში, ვოლგოგრადსა და ასტრახანში საწვავის შეზღუდვები როგორც რუსულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებს შეეხო. კრასნოდარში კი შეზღუდვები მხოლოდ უცხოურ კომპანიებზე ვრცელდება.
რუსეთში საწვავის კრიზისი უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დრონებით დარტყმების ფონზე გამწვავდა. წლის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 70-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს და მათ შორის ქვეყნის უმსხვილესი საწარმოებიც დააზიანეს. შედეგად, რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.