რუსეთის სოჭის სანაპიროზე საზღვაო დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ რუსული მედია და კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი იუწყებიან.
რუსული მხარის ცნობით, 9 სექტემბრის საღამოს სოჭს უპილოტო კატერები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც სანაპიროზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ოპერატიული და სპეციალური სამსახურები მუშაობდნენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით „კომერსანტმა“ განაცხადა, რომ დაშავებულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა, მათგან ხუთი ჰოსპიტალიზებული იყო.
რუსული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა სანაპიროს ინფრასტრუქტურა. ქალაქში ასევე გამოცხადდა საზღვაო დრონების საფრთხე, მოსახლეობასა და ტურისტებს კი სანაპიროსა და ნაპირსამაგრ ზოლში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
სოჭის მერი ანდრეი პროშუნინი აცხადებდა, რომ ქალაქის დასაცავად ყველა შესაბამისი ძალა და საშუალება იყო მობილიზებული.